ყალბი სიახლე აპრილი 9, 2020
თებერვალში გავრცელებული დეზინფორმაცია

ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიური განვითარებით შეცვლილმა ტრადიციულმა მედიაგარემომ მსოფლიო და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევის – დეზინფორმაციასთან, მცდარ ინფორმაციასა და საინფორმაციო პროპაგანდასთან გამკლავების საკითხის წინაშე დააყენა. ინტერნეტ-მედიის განვითარებამ ერთის მხრივ, შესაძლებლობა მისცა მოქალაქეს, რომ თავად აირჩიოს ინფორმაციის წყარო, თავად შექმნას და გააზიაროს ინფორმაცია, თავად შეუწყოს ხელი დღის წესრიგის განსაზღვრას, მეორე მხრივ კი შექმნა გადაუმოწმებელი, ყალბი, მრავალი ფობიის გამომხატველი ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო შესაძლებლობა.

თუკი გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული და საერთო კონტექსტში ჩასმული ინფორმაცია მოქალაქეს ეხმარება იყოს ინფორმირებული მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ და მიიღოს სწორი გადაწყვეტილები, დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის უმთავრეს მიზანს, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის გზით, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და საზოგადოების ინფორმირებულ არჩევანზე გავლენა წარმოადგენს.

გთავაზობთ კორონავირუსთან დაკავშირებით თებერვალში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მცდარ ამბებს, რომლებიც მედიაწიგნიერების დონის ამაღლებაზე ორიენტირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს და გადაამოწმეს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული მოკვლევის კვლევის ლაბორატორიამ გამოავლინა, რომ ვიდრე მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები მუშაობენ ვირუსის წარმოშობის მიზეზებისა და მისი სამკურნალო საშუალებების აღმოსაჩენად, პროკრემლისტური აქტორები აშშ-ს სდებენ ბრალს, თითქოს ისინი განზრახ ავრცელებენ ვირუსებს, რომლებიც მათ ბიოიარაღს წარმოადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შესახებ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში არაფერია ახალი. ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია ამტკიცებდა, რომ აშშ განზრახ ავრცელებდა აივ ვირუსს. კამპანიას ერქვა “ოპერაცია ინფექცია” და სტატიები ავითარებდნენ კონსპირაციის თეორიას, რომ ვირუსი, რომელიც იწვევდა აივ ინფექციას ჩუმად შექმნეს შტატების ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებში და ახლა ცდიდნენ მას ადამიანებზე. ამ საინფორმაციო კამპანიას მაშინ რუსული უშიშროება, ე.წ. კაგებე მართავდა.

იგივე ტენდენცია ვლინდება კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებითაც. ამერიკის ბრალმდებელი ნარატივები პირველად, მარგინალურ პრო-კლემლისტურ მედიაში ჩნდება და შემდეგ უკვე გადადის გავლენიან პრო-კრემლისტურ მეინსტრიმ მედიაში. ასევე ვრცელდება რუსი პოლიტიკოსებისა და სოციალური მედიი პლატფორმების – youtube-ისა და vkontakte-ს საშუალებით.

მაგალითად, მარგინალური პროკრემლისტური მედია აშშ-ს ადანაშაულებს ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში და ამბობს, რომ შტატები იყენებს ეკონომიკურ და მილიტარისტულ იარაღს მის კონკურენტ ჩინეთზე ზეწოლისათვის. მაგ. ტოპკორ.რუ ვარაუდობს, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი ამერიკას ბილიონობით დოლარი დაუჯდა და ჩინეთის ეკონომიკის ზარალით ხეირობს ამერიკა.

 

 

პროკრემლისტური გვერდი Katushya.org კი ამტკიცებს, რომ ჩინეთის არმიის განცხადებით, ვირუსი ამერიკის ლაბორატორიებში ჩინეთის შიგნიდან გასატეხად შეიქმნა. ერთ-ერთ ვერსიად მუშავდება ისიც, რომ ვირუსის მიზანია შეამოწმოს ბიოლოგიური იარაღის წინაშე ჩინეთის თავდაცვისუნარიანობა.

 

 

მესამე და ჩვენთვის საინტერესო ვერსია ეხება ლუგარის სახელობის ლაბორატორიას თბილისში. ამ ვერსიით, როგორც მითების დეტექტორმა მოიკვლია, REN-TV ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ლუგარის ლაბორატორია არის შტატების ერთ-ერთი ბაზა, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდება და გულისხმობს, რომ კორონავირუსიც სწორედ აქაა გამოგონილი.

ლუგარის ლაბორატორია პირველად არ ხდება დეზინფორმაციის სამიზნე, მანამდე, ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ (EUვსDisinfo) ინფორმაციით, ლაბორატორია გახდა C ჰეპატიტის გავრცელების წყარო, ასევე ამერიკელი დიპლომატების მიერ ჩამოტანილი სისხლის დამამუშავებელი იმისათვის რომ ეწარმოებინა ბიოლოგიური იარაღი რუსეთის წინააღმდეგ.

პროკრემლისტურ მედიას კვალდაკვალ მისდევს სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშები. აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები, ვკითხულობთ ონლაინ გამოცემაში “ტაბულა”, რომელიც თავის მხრივ AFP-ს ეყრდნობა.

AFP ინფორმაციით, ზოგიერთი ანგარიში ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღვივებს აშშ “ეკონომიკურ ომს ჩინეთთან” და რომ ეს ვირუსი CIA-ის შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

AFP-ს ცნობით, აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელების აღნიშნული ყალბი პროფილები იმართება არა ბოტების, არამედ ადამიანების მიერ და ერთდროულად იპოსტება ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას, ვითომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ვირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მოყვა საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში. მოგვიანებით დადგინდა, რომ წერილი უკრაინის ფარგლებს გარეთ დაიწერა, მაგრამ მოქალაქეები უკვე ითხოვდნენ მათივე თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ვუჰანიდან იყვნენ ევაკუირებულები, უკრაინაში შესვლის აკრძალვას. შიში, დეზინფორმაცია და სანდოობის დაბალი დონე მთავრობის მიმართ ეს არის ის ნაყოფიერი ნიადაგი, რასაც პროკრემლისტური მედია იყენებს.

Facebook-მა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციულ და ადამიანებისთვის საზიანო ინფორმაციას წაშლის: მაგალითად, მსგავსს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მათეთრებლის მიღება კორონავირუსისგან განკურნების საშუალებაა. ასევე Instagram-ზე დაბლოკავენ და შეზღუდავენ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებულ ჰეშთეგებს. გარდა ამისა, კომპანია თავის მომხმარებლებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ვირუსის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით მიაწვდის.

შეზღუდვამდე კი საქართველოს მოქალაქეებს ისევ ხვდებათ მითი იმის თაობაზე, რომ ბანანი სხვადასხვა ვირუსისა და დაავადების წყაროა.

მითების დეტექტორის მიერ მომზადებული ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბანანი ყველა დროის კონსპირაციების ერთ-ერთი წყარო იყო.

კორონავირუსთან ერთად, ყალბი ინფორმაციის მუდმივ დღის წესრიგს წარმოადგენს ლიბერალიზმი და რაღა თქმა უნდა, ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერი, ამერიკელი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი. 18 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გააზიარა ფოტო, რომელზეც მათი მტკიცებით SS-ელი სოროსია გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა შემდეგი ტექსტი: “ფოტოზეა ესესელი ჯორჯ სოროსი. შემდეგში როცა სოროსის მიერ დაფინანსებული ლიბერასტი დაგიძახებთ რასისტს, ფაშისტს და ნაცისტს, ეს ააფარეთ სახეზე”. პოსტის ავტორად სანდრო ლობჟანიძეა მითითებული, ხოლო ფოტოზე გამოსახულია უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნ აცისტური SS-ის უნიფორმა აცვია.

მითების დეტექტორის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, გაირკვა, რომ ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნაცისტური SS-ის უნიფორმა აცვია, სინამდვილეში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ბუღალტერი ოსკარ გრონინგია და მისი ახალგაზრდობის იდენტური ფოტო DailyMail-ის სტატიაშიც იძებნება.

სულ ბოლოს უნდა ვახსენოთ ორგანიზებული შეტევის მორიგი გამოვლინება: ანტისაოკუპაციო საზოგადოებრივო მოძრაობის “სირცხვილია”, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სხვა ჯგუფების – “შეცვალე”, “გაბედე” და ერთიანი ოპოზიციის სახელით ყალბი ფეისბუკ გვერდის მიერ გავრცელდა ყალბი განცხადება მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წლილისათვის“ დაბადების დღე მიულოცა.

განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, Facebook-ში შეიქმნა გვერდი სახელით – „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, რომელმაც შემდეგი დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნა, თითქოს პროტესტის ნიშნად, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა რომ 22 თებერვალს საქართველო – ბელგიის სარაგბო მატჩზე ეგულშემატკივრათ ბელგიისთვის: “22 თებერვალს საქართველო – ბელგიის სარაგბო მატჩზე ვუგულშემატკივროთ ბელგიას!!! საქართველოს სამარცხვინო რაგბის კავშირმა დაბადების დღის მისალოც ტექსტში ბიძინა ივანიშვილს მეცენატი უწოდა. „გაბედე“, „შეცვალე” , „სირცხვილია” , „20/30-იანელები“ და ერთიანი ოპოზიციის სახელით მოგიწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 22 თებერვალს მოდით სტადიონზე და პროტესტის ნიშნად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მეტოქე ბელგიის ნაკრებს. ვაჩვენოთ სამარცხვინო რაგბის კავშირს, რომ სამშობლოს ღალატი არ შერჩებათ. ქვეყნის მოღალატეებისგან მსოფლიოს ჩემპიონობაც კი არ გვჭირდება. არც მაგ ბორჯღალის ტარების ღირსები ხართ გულზე რომ გახატიათ“.

ფაქტ-მეტრი ზემოთ ჩამოთვლილ სამოქალაქო მოძრაობებს დაუკავშირდა და თითოუელმა მათგანმა მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო. ამჟამად, Facebook-გვერდი „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, გაუქმებულია ან აღარ არის საჯარო.