შეიცავს თუ არა ქართული სისხლი COVID-19-თან ბრძოლისთვის განსაკუთრებულ ნაწილაკებს?
04-22-2020

20 აპრილს ონლაინ გამოცემა alternews.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით  “ქართული სისხლი უნიკალურია. იგი შესაძლოა COVID 19-თან ბრძოლისთვის გამოდგეს”. სტატიის თანახმად, ამერიკაში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდში, ვირუსოლოგიის კვლევით ცენტრში ექიმმა დიკ ლონგბოლსმა, რომელიც covid-19 ის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაშია ჩართული, აღმოაჩინა, რომ ქართული სისხლი განსაკუთრებულ ნაწილაკებს შეიცავს. საინფორმაციო პორტალის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაცია მათ ქართველმა ექიმმა მიაწოდა, რომლის ვინაობა მასალაში დაზუსტებული არ არის.  ინფორმაციას 21 500 გაზიარება აქვს. აღნიშნული პუბლიკაცია ასევე გაზიარებულია ფეისბუკ გვერდებზე “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი” და “მოძრაობა ძლევაი საკვირველი”.

alternews-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, გამოგონილია, რადგან მსგავსი კვლევა არც კონექტიკუტის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე იძებნება, არც ექიმი დიკ ლონგბოლსი (Dick longsballs) უნდა იყოს რეალური პირი. გამოცემა, რომელიც 4 აპრილს არის რეგისტრირებული, მისიის განაცხადში უთითებს, რომ საინფორმაციო სააგენტოს მიზანია სპეციფიური მეთოდებით მედიაწიგნიერების ამაღლება. 

კონექტიკუტის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ვებ-გვერდზე კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ სისხლის გენეტიკურ წარმომავლობას კორონავურსთან ბრძოლაში რაიმე მნიშვნელობა აქვს, არ იძებნება. შესაბამისად, ვირუსთან ბრძოლაში ქართული სისხლის უნიკალურობაზე  ინფორმაცია ანეკდოტურ მტკიცებულებებს ეფუძნება. რაც შეეხება დიკ ლონგბოლსს, ის გამოგონილი სახელი უნდა იყოს (long +balls).

alternews.ge-ი მასალის გამოქვეყნებამდე 16 დღით ადრე,  4 აპრილს არის რეგისტრირებული და whois.domaintools.com-ის მონაცემების მიხედვით, მისი ადმინისტრატორი ირაკლი ჩაჩხიანია.
ახლად შექმნილ საიტზე ყველა სტატია ანონიმურია და  ვებზე არც სარედაქციო კოლეგიის შესახებაა ინფორმაცია მოწოდებული. მისიის განაცხადში კი გამოცემას მითითებული აქვს, რომ ის საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც მედიაწიგნიერების ამაღლებას სპეციფიური მეთოდებით ცდილობს.

გამოცემა სხვა აბსურდულ ინფორმაციებსაც ავრცელებს, მაგალითად სტატია სათაურით “რამდენად ზრდის მასტურბაცია Covid 19-ით ინფიცირების რისკს?!” ამტკიცებს, რომ ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,მასტურბაცია ორგანიზმს Covid 19-ის მიმართ უფრო მიმღებლურს ხდის”.  რაც არცერთი წყაროთი არ დასტურდება, ხოლო მასალაში  მითითებულ ბმულს ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე  გადავყავართ, სადაც აღნიშნული განცხადება მითითებული.