შეაჩერებს თუ არა კორონავირუსს 30° C-ზე მაღალი ტემპერატურა?
03-17-2020

16 მარტს კრემლის გამოცემა News Front Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “როცა ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, კორონავირუსის აქტივობა მინიმუმამდე დაეცემა”. სტატიაში ჩინეთის სუნ იატსენის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ვირუსის გადაცემა ყველაზე მეტად 5-დან 8.72 ცელსიუს გრადუსამდე ტემპერატურაზე მიმდინარეობს, ხოლო 30 გრადუსს ტემპერატურაზე კი გავრცელების აქტივობა ნულამდე ჩამოდის. News Front აღნიშნულ ინფორმაციის მიხედვით ვარაუდობს, რომ ზაფხულისთვის, როდესაც ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, კორონავირუსის გავრცელება მინიმუმამდე შემცირდება.

გავრცელებული ინფორმაცია არანაირ მეცნიერულ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამჟამად კორონავირუსი მსოფლიოს ისეთ წერტილებშიც მიმდინარეობს, სადაც მაღალი ტემპერატურაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ 30 გრადუს ცელსიუსის ზემოთ კორონავირუსის აქტივობა გაჩერდება.

  • კორონავირუსის გავრცელების არეალს ტემპერატურა არ განსაზღვრავს

COVID-19 ანტარქტიდის გარდა უკვე ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, მათ შორის ვირუსმა მოიცვა ისეთი წერტილებიც, როგორებიცაა ავსტრალია, სინგაპური და აფრიკის ქვეყნები, სადაც ტემპერატურა 30 გრადუსს აჭარბებს.

  • ჯერჯერობით არ დასტურდება რომ ზაფხულის მოახლოება კორონავირუსს შეაჩერებს

გუანდონის პროვინციის სუნ იატსენის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების იდეალური ტემპერატურა მართლაც არის 8.72 გრადუსი ცელსიუსამდე, თუმცა არ დასტურდება, რომ COVID-19 ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ისე გაქრება, როგორც გრიპის ვირუსები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი არ არის სათანადოდ შესწავლილი იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, იმოქმედებს თუ არა მასზე ტემპერატურის ცვლილება. ამ ეტაპზე COVID-19 ცხელ და ტენიან ამინდშიც ვრცელდება და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი აქტივობა სეზონურობას დაექვემდებარება.