როგორ აკავშირებს NEWS FRONT “უვარგის ანტიკორონა პრეპარატს” ლუგარის ლაბორატორიასთან
04-28-2020

წყარო: mediachecker.ge

გამოცემა News Front ავრცელებს ანტიდასავლური გზავნილებით გაჯერებულ, მანიპულაციურ ინფორმაციას კორონავირუსის მკურნალობის თემაზე და ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს, რომ “ამერიკას არ სურს COVID-19-თან ბრძოლაში წვლილი შეიტანოს”. გამოცემას ორი გზავნილი აქვს:  პრეპარატი რემდესივირი უვარგისი აღმოჩნდა და მე-2, ამ პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას კავშირი აქვს ლუგარის ლაბორატორიასთან.

“ლუგარის ლაბორატორიასთან” დაკავშირებული ამერიკული ფირმის ანტიკორონა-პრეპარატი უვარგისი აღმოჩნდა”, – ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემამ 24 აპრილს  გამოაქვეყნა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელები ძალზე შორს არიან იმისგან, რომ რაიმე წვლილი შეიტანონ “კოვიდ19”-თან ბრძოლაში. მათ არ სურთ ან არ შეუძლიათ, დახმარება აღმოუჩინონ მსოფლიო მეცნიერებას”, – ამ შესავლით იწყებს გამოცემა მასალას და ამის “დასტურად”, მტკიცებით ფორმაში იუწყება, რომ ამერიკული კომპანია “გილიადის” ექსპერიმენტარული პრეპარატის რემდესივირის პირველი კლინიკური კვლევა, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთ პოტენციურ და ყველაზე წარმატებულ საშუალებად მოიხსენიებდნენ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

NEWS FRONT მკითხველს კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას აწვდის. სინამდვილეში, საუბარია 24 აპრილს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ეწერა, რომ ერთ-ერთმა პირველმა ტესტმა კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ რემდესივირის ეფექტიანობა ვერ დაადასტურა. ეს იყო ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი კვლევის შედეგების მოკლე შეჯამება, რომელიც ვებგვერდიდან მალევე წაიშალა, კომპანია “გილეადმა” კი განაცხადა, რომ მათი რწმენით, გამოქვეყნებული ინფორმაცია “კვლევისთვის შეუსაბამო დახასიათებას წარმოადგენდა”.

რემდესივირზე, რომელიც კომპანია “გილიადმა” თავდაპირველად ებოლას წინააღმდეგ შექმნა, სპეციალისტები გარკვეულ იმედებს ამყარებენ. აღნიშნული პრეპარატის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტიანობის დასადგენად ამ დროისთვის არაერთი კვლევა მიმდინარეობს და მკვლევრები აცხადებენ, რომ შედეგები მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მცდელობას, როგორმე ეს “უვარგისი პრეპარატი” ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირდეს, გამოცემა წერს, რომ ეს ის კომპანიაა, რომელსაც კავშირი აქვს ლუგარის ლაბორატორიასთან და მათი ერთობლივი ექსპერიმენტის შედეგად საქართველოში 49 ადამიანი გარდაიცვალა.

“შეგახსენებთ, რომ “გილიედ საიენსი” (Gilead Sciences) – ამერიკული ფარმაცევტული გიგანტია, რომლის ერთ-ერთი მფლობელია აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი (ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციაში) დონალდ რამსფელდი. ეს კომპანია თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიას” აწვდიდა პრეპარატს სახელწოდებით “სოვალდი”, რომელიც საცდელ რეჟიმში გამოიყენებოდა C-ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს მოაქალაქეებზე”, – წერს გამოცემა.

ამის საპირწონედ, NEWS FRONT-ი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმოწმებს და წერს, რომ აღნიშნული ექსპერიმენტის შედეგად, საქართველოს 49 მოქალაქე გარდაიცვალა. იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებული აბსურდული ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წელს “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. სტატიაში ნათქვამია, რომ იგორ გიორგაძე მიზანმიმართულად ცდილობდა “ლუგარის ლაბორატორიის” დისკრედიტაციას და აცხადებდა, თითქოს აღნიშნულ ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში კი, ლუგარის ლაბორატორია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში დიაგნოსტირების ნაწილში მონაწილეობდა.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია დაარსებიდან დღემდე არაერთხელ გამხდარა რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის მსხვერპლი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც NEWS FRONT-ი ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას და ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებას ცდილობს. გამოცემის ქართულენოვან გვერდზე მსგავსი შინაარსის არაერთი მასალა იძებნება. მაგალითად, “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია”, “კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!” და ა.შ.

გამოცემა დიდი ხანია შემჩნეულია რუსულ პროპაგანდასა და ანტიდასავლური გზავნილების გავრცელებაში. კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, NEWS FRONT-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ხშირად ამოიკითხავთ ნარატივს, რომ ამერიკისგან განსხვავებით, რუსეთი წარმატებით ებრძვის ვირუსს. გამოცემა “სიხარულით” იუწყება, რომ რუსეთში 16 ახალი თანამედროვე სამხედრო კლინიკა უსწრაფესად შენდება,რომ რუსი სპეციალისტები დიდ წარმატებას აღწევენ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, და რომ “რუსეთში “კორონასგან” სიკვდილიანობა 50-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში “და ა.შ.

გამოცემა NEWS FRONT რუსეთშია რეგისტრირებული და 9 ენაზე (რუსულად, ქართულად, ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, სერბულად, უნგრულად, ესპანურად, ბულგარულად) აქვეყნებს კონტენტს. NEWS FRONT-ის ქართულენოვანი გვერდი ფეისბუკზე 2019 წლის 13 აპრილს დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 14 000-მდე გამომწერი ჰყავს.

გავლენიანი უკრაინული გამოცემა StopFake, რომელიც კრემლის აგრესიულ საინფორმაციო პროპაგანდას უკვე მეექვსე წელია ებრძვის, წერს, რომ News Front-ი ყოველთვის დეზინფორმაციის წყარო იყო.

 

 

სტატია მოამზადა “მედიაჩეკერმა” აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია “მედიაჩეკერი”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.