არის თუ არა 5G საფრთხე და უკავშირდება თუ არა ეს ტექნოლოგია COVID-19-ს?
04-15-2020

ბოლო პერიოდში  ქართულ და უცხოურ  მედია სივრცეში აქტიურად ვრცელდება კონსპირაციული თეორია იმის შესახებ, რომ  5G ტექნოლოგიას კორონავირუსის გავრცელება შეუძლია. კონსპირაციის ერთ-ერთი საწყისია ბელგიელი ექიმის 2020 წლის იანვრის ინტერვიუ, რომელშიც მან 5G ტექნოლოგია და კორონავირუსის საფრთხეები ერთმანეთს დაუკავშირა.

სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა არაერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა საფრთხეს 5G ადამიანების ჯანმრთელობას და არის თუ არა ის კორონავირუსთან კავშირში. 7 აპრილს ფეისბუქში შეიქმნა ჯგუფი  სახელწოდებით “STOP  5G Georgia’’, რომელიც 14 აპრილის მდგომარეობით უკვე 5700-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. აღნიშნულ ჯგუფში აქტიურად განიხილება თეორია იმის შესახებ, რომ ეს ტექნოლოგია ადამიანის ჯანმთელობისთვის  მავნეა და მას კორონავირუსთან აქვს კავშირი.

“STOP  5G Georgia’’ ფეისბუქის ჯგუფში დაწერილ ერთ-ერთ პოსტს siaxleni.com აქვეყნებს,  სათაურით: “მოკლედ, ამ ანტენას ისეთი გამოსხივება ექნება…ტესტები თითქმის აღარ იქნება საჭირო ლუგარის ინფიცირებული ვართ თუ არა”– რას წერს ქართველი კაცი სოციალურ ქსელში “ – პოსტის ავტორი ვინმე გიორგი მეტრეველია, რომლის მტკიცებით,  5G ანტენის წყალობით შესაძლებელი იქნება COVID-19-ით ინფიცირებულის იდენტიფიცირება, მისივე თქმით, ამ სიხშირეს ჩვენი სიზმრების დანახვა და გაკონტროლებაც შეეძლება.

5G ტექნოლოგიისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ წერენ სხვადასხვა პროპაგანდისტული, ანტილიბერალური და გასართობი კონტენტის მქონე ფეისბუქ გვერდები, ასევე ონლაინ გამოცემები.

13 აპრილს აღნიშნულ თემას გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ეროვნული ცენტრიც (NCDC & PH), მათი თქმით, ვირუსები არ გადაეცემა რადიოტალღების/მობილური ქსელების მეშვეობით და  შესაბამისად, 5G მობილური ქსელით COVID-19 არ ვრცელდება.